მსოფლიო
რაზე „ოცნებობდნენ“ ხაინდრავა და კანონიერი ქურდები საფრანგეთში?
2012-09-25 20:46:08
ჩამოტვირთვა
საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით, გოგა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
აქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველი სამართალდამცავებისათვის გადაცემულ მასალაში გოგა ხაინდრავასა და საფრანგეთში მცხოვრები კანონიერი ქურდების შეხვედრაა ასახული.
შეხვედრა 2011 წლის 9 ნოემბერს, კრესელში, „კანონიერ ქურდ“ რევაზ ლორთქიფანიძის სახლში შედგა. ფარული ვიდეოგადაღებებისა და ლორთქიფანიძის პირადი მცველის, არტურ იდიგოვის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ირკვევა, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ „კანონიერი ქურდები“: რევაზ ლორთქიფანიძე, არტურ იუსბაშევი, გოგი მაისურაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, რამაზ ჯინჭარაძე, თამაზ გოგოლაძე, სულხან თვალჭერელიძე. ამას გარდა, შეკრებას ესწრებოდა ქართველი კრიმინალი, ე.წ. თბილისის კლანის წარმომადგენელი ზაზა პაიჭაძე და ყოფილი ქართველი მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ხელისუფლების დამხობის მიზნით თანამშრომლობა იყო. ცნობილია, რომ „კანონიერ ქურდებს“, როდესაც საჭიროა, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ყოფილი „მხედრიონის“ მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფებები. მათ შეიძლება გააჩნდეთ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა. დახმარების სანაცვლოდ, „კანონიერ ქურდებს“ „ახალი რეჟიმისგან“ მიეცემათ საქართველოში წარსულში არსებული სტატუსისა და ზეგავლენის აღდგენის შესაძლებლობა.
აშკარაა, რომ „კანონიერი ქურდებს“, მიუხედავად იმისა, დაკავშირებული არიან ტარიელ ონიანთან თუ ასლან უსოიანთან, შესწევთ უნარი, დაივიწყონ მტრობა საერთო მიზნის მისაღწევად.
საფრანგეთის ეროვნულმა ჟანდარმერიამ დაასკვნა, რომ გოგა ხაინდრავამ კანონიერი ქურდების გავლენის, ფინანსური და შესაძლო შეიარაღებული დახმრების სანაცვლოდ, მათ საქართველოში დაბრუნება და გავლენის აღდგენა აღუთქვა. ჟანდარმერიისათვის ცნობილია, რომ ხაინდრავა და ქართული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ერთი მიზნით გაერთიანდნენ, რათა არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლება დაამარცხონ.
კანონიერი ქურდების დახმარება ოპოზიციისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: 1) მათ შეუძლიათ „დაარწმუნონ“, ასევე ზეწოლა მოახდინონ ქართულ დიასპორაზე, რათა მათ არჩევნებში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ; მეორე მხრივ, ადამიანური რესურსითა და შეიარაღებით დაეხმარონ ოპოზიციას საქართველოში სახელწიფო გადატრიალების მოწყობაში იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შეხვედრას წინ უსწრებდა სატელეფონო საუბარი. 2011 წლის ნოემბერში, იმ დროისათვის ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირმა, ქართულ ენაზე განახორციელა სატელეფონო საუბარი „კანონიერ ქურდ“ რევაზ ლორთქიფანიძესთან, რომელიც 2011 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კრიმინალურ საქმიანობას ახორციელებდა სამხრეთ საფრანგეთში.
დაუდგენელი პირი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა იყო ვინმე „გოგი“. ის ითხოვდა შეხვედრას ლორთქიფანიძესთან. „გოგი“ ლორთქიფანიძის სახლში 9 ნოემბერს მივიდა. იმავე დღეს, დანიშნულების ადგილას რამდენიმე უცხო ადამიანიც შეიკრიბა. შეხვედრა ყველა მონაწილემ იმავე ღამეს დატოვა, ხოლო ვინმე „გოგი“ ლორთქიფანიძის სახლიდან 2011 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას წამოვიდა.
არსებული მასალების მიხედვით, გოგა ხაინდრავა საფრანგეთში 4 ნოემბერს გაემგზავრა თავისი ბოლო ნამუშევრის პრეზენტაციისათვის და შემდგომ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან შესახვედრად. ის კანონიერ ქურდებთან ერთად ლორთქიფანიძეს 9 ნოემბერს შეხვდა, ხოლო მისი სახლი 11 ნოემბერს დატოვა და საქართველოში გამოემგზავრა.
2011 წლის 18 ნოემბერს, სამხრეთ საფრანგეთში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია. პოლიციამ 23 პირი დააკავა, მათ შორის, რევაზ ლორთქიფანიძე, რომლისაგნაც ვერანაირი ჩვენება ვერ მიიღეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას.
კომენტარები