მსოფლიო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 სექტემბერს ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული 10 პირი დააკავა
2012-09-24 12:11:10
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 სექტემბერს 10 პირი დააკავა. მათ შორის არიან – მამუკა ჯანანაშვილი, ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე, პეტრე თავლიაშვილი, ტარიელ გურგენიძე, იაგო ქიტიაშვილი , გიორგი ნოზაძე, ზვიად იმერლიშვილი, ილია ქელეხსაშვილი და კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი.
როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, დაკავებულ პირთა უმეტესობა მათი აქტივისტია და კოალიციის რიგებში ირიცხება.
დაკავებულთა უმეტესობას ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. გამონაკლისია კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში მცხოვრები მამუკა ჯანანაშვილი, რომელსაც შსს-ს ცნობით, საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი აღმოაჩნდა.
სოფელ შინდისში დაკავებულ ზვიად საბანაძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო მასთან ერთად აყვანილ გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. ადმინისტრაციული წესით შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინვე ტარიელ გურგენიძე დააკავეს.
პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული არიან იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე, რომლებიც გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე აიყვანეს. ანალოგიური ბრალდებით ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი დააკავეს.
კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი კი შსს მესტიის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრომაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს. მას 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
კომენტარები