მსოფლიო
სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული პერსონალი გადაადგილდება
2012-09-21 17:50:36
ჩამოტვირთვა
ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ (EUMM) ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შენიშნა. ამის შესახებ მისიის განცხადებაშია ნათქვამი .
განცხადების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში არსებობდა ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების პერსონალის განლაგების შესაძლო ცვლილების შესახებ, რასაც დამკვირვებლები ინტენსიურად აკვირდებოდნენ.
"მონიტორები დაკავებული იყვნენ დამატებითი პატრულის შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებით და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად აკვირდებოდნენ სიტუაციას. მისიამ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, თუმცა მდგომარეობაზე აქტიური კონტროლის მიზნით პატრულირება გააძლიერა. პატრულირების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შენიშნა. მისიამ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება გამოთქვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას მოახდენს.
კომენტარები