მსოფლიო
გლდანის #8 საპყრობილის ოფიცერი გამთენიისას დააკავეს
2012-09-19 11:35:37
ჩამოტვირთვა
გლდანის #8 საპყრობილის ოფიცერი დათა აკობია, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო, გამთენიისას დააკავეს . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა სალომე აბულაძემ განუცხადა და აქვე განმარტა, რომ აკობიას აყვანა 03:20 საათზე მოხდა.
ადვოკატის განმარტებით, აკობია საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საბაჟოზე დააპატიმრეს.
სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.
გუშინვე პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მოგვიანებით კი პრემიერს მისი გადადგომის წინადადებით მიმართა.
კომენტარები