პოლიტიკა
„ოცნების“ საიდუმლო ტრენინგები ფარულ ოფისში
2012-09-13 16:43:13
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ყაზბეგის 47 ნომერში არადეკლარირებული ოფისი აქვს. ლერი ხაბელოვის მიერ დაფუძნებულ ოფისში „ოცნების“ აქტივისტების წინასაარჩევნო გადამზადება ხორციელდება. არსებობს აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია რეალტივიმ ექსკლუზიურად მოიპოვა.
ლერი ხაბელოვმა ხელშეკრულება გააფორმა შპს ყაზბეგის ხელმძღვანელ ეკატერინე მაქაცარიასთან. დოკუმენტში ის 12 000 ლარიც არის მითითებული, რომელიც დამქირავებელ ლერი ხაბელოვს მეხუთე სართულის იჯარით აღებისთვის უნდა გადაეხადა.
ტელეკომპანია რეალტივის ეთერში გუშინ ფარული ვიდეოჩანაწერებიც აჩვენეს, რაც ადასტურებს, რომ ლერი ხაბელოვის კუთვნილ ოფისში „ოცნების“ აქტივისტებს წინასაარჩევნო ტრენინგები უტარდებათ.
„ყველაფერზე წამსვლელები“ - ასე მოიხსენიებს ერთერთი მეოცნებე იმ დაჯგუფების წევრებს, რომლებმაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არეულობა უნდა შეიტანონ და ტრენინგებზე ნასწავლი გაყალბების მეთოდები პრაქტიკაში გამოიყენონ.
რეალტივიმ ტრენინგის რამდენიმე მონაწილესთან ინტერვიუც ჩაწერა. თუმცა არცერთი მათგანი არ აკონკრეტებს, რა ტრენინგები უტარდებათ და ვინ არის მათი ხელმძღვანელი.
ერთადერთი ქალბატონი, რომელმაც აღიარა, რომ ტრენინგები საარჩევნო კომისიების წევრებს „ქართული ოცნების“ ინიციატივით, უტარდებოდათ, ოცნების მაისურში იყო გამოწყობილი.
ლერი ხაბელოვს არადეკლარირებული ოფისის არსებობის გამო, შესაძლოა, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აქვს არადეკლარირებული ოფისის ფლობისა და იჯარის საფასურის გადახდის უფლება.
ამ საქმესთან დაკაშირებით, ლერი ხაბელოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ არცერთ შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.
ლერი ხაბელოვი ივანიშვილამდე ოლიგარქ პატარკაციშვილთან მეგობრობდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მან საქართველო დატოვა. როგორც თავად ამბობდა, ვლადიკავკაზიდან სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე არ დაბრუნდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა.
შეეზღუდება თუ არა ლერი ხაბელოვს მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრა, მას შემდეგ გაირკვევა, რაც აღნიშნული საქმით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან.
კომენტარები