პოლიტიკა
პრემიერ მინისტრობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინეს
2012-09-09 21:56:38
ჩამოტვირთვა
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა: ვანო მერაბიშვილმა, გიორგი თარგამაძემ და შალვა ნათელაშვილმა, წინასაარჩევნო პროგრამები წარმოადგინეს.
კითხვაზე: რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად? ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ უმუშევრობის დაძლევა მათი პარტიის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, ამისათვის კი, მათ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგეს და დასაქმების სამინისტრო შექმნეს.
მისი თქმით, სამინისტრო უკვე მუშაობს და დაიწყო უმუშევართა აღწერა და მონაცემთა ბაზის შექმნა. მერაბიშვილის განცხადებით, მათ წინასაარჩევნო პროგრამის ყველა მუხლი დასაქმებას ითვალისწინებს, მერაბიშვილმა ასევე 1 000 ლარიანი ვაუჩერის დარიგებაზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
“ქრისტიან დემოკრატიული პარტიის” კანდიდატის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, მისი პარტია უმუშევრობის დაძლევას: სამართლიანი ტარიფებით, სოფლის მეურნეობითა და მცირე და საშუალო ბიზნესით აპირებს.
მისი თქმით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა სამართლიანი ტარიფების დასამკვიდრებლად, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აამუშავებენ.
თარგამაძის განცხადებით, ისინი აპირებენ გლეხის კონკურენტუნაირ ფერმერად გადაქცევას.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით კი, რეალურად სამუშაო ადგილების გაჩენას სჭირდება ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტის შეცვლა.
“ტელეფონს ავიღებდი ბატონი ვანო მისმენდა, სახლში დავრეკავდი და ისევ მისმენდა, კაბინეტშიც იგივე და მან რასაკვირველია ყველაფერი კარგად იცის. იცის, რომ ნაყოფიას შვილი 2 მილიონ დოლარს იღებს ხელფასს, მაშინ, როდესაც ეს თანხა მის ბევრ თანატოლს ეყოფოდა და შეიძლებოდა მოხმარებოდა”,- განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები