მსოფლიო
რასმუსენის ვიზიტის მნიშვნელოვანი გზავნილები
2012-09-06 20:53:42
ჩამოტვირთვა
„რა თქმა უნდა, საქართველო უნდა გახდეს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ნატოს აქტიური პარტნიორი. ჩვენ ნატო-ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. მიმდინარე წლის ჩიკაგოს სამიტზე კი ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავადასტურეთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია.“
ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანდერს ფო რასმუსენმა კიდევ ერთხელ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანას ჩრდილოატლანტკურ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რასმუსენმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს განსაკუტრებული პარტნიორია.
„საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია. თქვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატოს ავღანეთის მისიაში. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ პროფესიონალიზმის, სიმტკიცისა და მხნეობისათვის, რომელსაც თქვენ ავლენთ ყოველ დღე.“
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სწრაფვა და არჩევნების დემოკრატიულად გამართვის მზაობა.
საქართველოში დაგეგმილ არჩევნების თემას რასმუსენიც შეეხო. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის დიდი გამოცდა იქნება.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესები შენარჩუნდება და თითოელი პოლიტიკური მოთამაშე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ საქმეში. „
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან ყურადღება საქართველოში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ცვლილებებით ქვეყანა კიდევ უფრო უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს. თქვენ, რასაკვირველია, უნდა განაგრძოთ რეფორმების გატარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს ნატოს წევრი. მე რეკომენდაციას ვაძლევ საქართველოს, რომ განაგრძოს მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის მოგვარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ჩვენ ჩიკაგოს სამიტზე ვაღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-ს სახით საქართველოს დიდი მეგობარი ჰყავს და მისი მომავალი სწორედ ნატო-ს შემადგენლობაშია.
კომენტარები