პოლიტიკა
შსს ლოპოტას სპეცოპერაციისას გარდაცვლილების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
2012-09-04 16:02:05
ჩამოტვირთვა
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირთა იდენტიფიკისაციისა და დაკრძალვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ინფორმაციას არ ავრცელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ განუცხადა, ექსპერტიზა გრძელდება, შესაბამისად, გამოძიების გარკვეულ ეტაპზე სამინისტროს მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის გახმაურების უფლება აქვს.
"ვითვალისწინებთ საზოგადოების დიდ ინტერესს ამ საკითხის მიმართ, თუმცა იმ კითხვებზე, რომლებიც გაქვთ და ბუნებრივია, გექნებათ, ამ ეტაპზე პასუხი არ გვაქვს", - აღნიშნა სალომე მახარაძემ.
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების საცხოვრებელი ადგილის შესახებ დღეს ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, 7 პირი, რომელთა ცხედრების იდენტიფიკაცია მოხერხდა, პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მეორე ვერსიით კი, პანკისში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული 11-ივე პირი ცხოვრობდა.
შსს-მ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.
დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებულები კი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.
კომენტარები