მსოფლიო
გუბაზი, კალაძე და საქართველოს ისტორია
2012-09-03 23:42:16
ჩამოტვირთვა
„ოცნების“ პირველ ნომრად დასახელებულმა კანდიდატმა ბოლო რამდენიმე ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, ხალხის მოსაზიდად გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ალასანია გამოიყენა. სანიკიძემ „აიტივისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ კალაძის საარჩევნო შტაბის წევრებსა და მის გარემოცვას არ იცნობდა. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა განაცხადა, რომ არც კრიმინალური წარსულის მქონე ცოტნე შენგელიას შესახებ იცოდა რაიმე, რომელიც კახა კალაძესთან დაახლოებული პირია და თითქმის ყველა შეხვედრის დროს თან ახლავს.
კახა კალაძე აიტივისთან ინტერვიუს გაექცა და ჟურნალისტის შეკითხვებიც თავიდან აიცილა. იმავეს ვერ ვიტყვით მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფზე, რომელსაც „ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ინტერვიუ მისცა. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, მან ხალხთან შეხვედრის დროს კალაძის ღირსებებზე ვერ ისაუბრა. მან მოსახლეობას და ქართული ოცნების ნომერ პირველ კანდიდატს საქართველოს ისტორიის გაკვეთილი ჩაუტარა.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერის მიერ მცირე ისტორიული ექსკურსის მოწყობის შემდეგ, „აიტივიმ“ მას პატარა ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა. გუბაზ სანიკიძეს ჟურნალისტმა უთხრა, რომ დიდგორის ბრძოლის შესახებ კალაძისთვისაც ეკითხათ, რაზეც სანიკიძისგან კატეგორიული უარი მიიღო, ვინაიდან მისი აზრით, საქართველოს ისტორიის ამ მოვლენის ცოდნა სავალდებულო სულაც არ არის. როგორც ჩანს, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ივანიშვილის რჩეული კალაძის ინტელექტში დარწმუნებული არ არის და კამერების თანხლებით მისი ცოდნის გადამოწმებას მოერიდა.
მართალია, ისტორიკოს ლევან სანიკიძის შვილმა კარგად იცის, რომ საქართველოს ისტორია პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, კალაძის შემთხვევაში გუბაზ სანიკიძე ამაში დარწმუნებული არ იყო. ამიტომ მისი პოლიტიკური გუნდის წევრს მოსალოდნელი უხერხულობა აარიდა და ექსპერიმენტზე უარიც სწორედ ამ მიზეზით თქვა.
კომენტარები