პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი სამართალდარღვევა
2012-09-01 13:41:38
ჩამოტვირთვა
აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა „ქართული ოცნების“ მიმართ პრევენციული შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა. მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ ფულადი პოლიტიკური შემოწირულობები დადეკლარირდა, როგორც არაფულადი შემოწირულობა, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევაა.
„კანონით დადგენილი წესების დარღვევით კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს ფიზიკურმა პირებმა, - ნოდარ ხადურმა, თამარ გიორგაძემ, რომან ცხონდიამ, თინა ხიდაშელმა და ბესო ჯოჯუამ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბმისად, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება. ამდენად, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, სხვა რომელიმე ანგარიშის გამოყენება დაუშვებელია. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ფონდი არსებობს, თუმცა საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო ხარჯების გაღება ხდება ფიზიკური პირების ანგარიშებიდან. აღნიშნული თანხები არ ხვდება ფონდის ანგარიშზე და ფაქტობრივად ორგანული კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის შენიღბვის მიზნით, დეკლარირდება როგორც არაფულადი შემოწირულება.“
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა ყველა ის პირი, ვინც შემოწირულებების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა. ახსნა-განმარტების მიცემისას აღნიშნულმა პირებმა მათ მიერ კანონშეუსაბამო ქმედების ჩადენის ფაქტი პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებზე ინკასოს არსებობით ახსნეს და განმარტეს, რომ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ვალდებულებების პირადი სახსრებიდან დაფარვა სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
„იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გადაწყეტილებით დაუფარავი ვალდებულებების გამო კოალიცია "ქართულ ოცნება"-ში შემავალ პარტიებს ინკასოს წესით მიღებული შემოსავლების მხოლოდ 16.45% ჩამოეჭრათ და სრული შესაძლებლობა ქონდათ ფინანსური ტრანზაქციები კანონის შესაბამისად განეხორციელებინათ, მაინც დაარღვიეს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ დადგენილი წესები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ინკასოს გამოყენება გადაავადა. შესაბამისად აღარ არსებობს რაიმე საფუძველი კანონშეუსაბამო ქმედების მიზეზების დასასაბუთებლად.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ითვალისწინებს პრევენციული შინაარსის ღონისძიებების მნიშვნელობას მონიტორინგის პროცესში. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების და ანაგრიშვალდებულების პრინციპების დაცვით და პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით იმოქმედონ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
კომენტარები