მსოფლიო
რეპორტაჟი ლოპოტას ხეობიდან
2012-08-30 22:43:23
ჩამოტვირთვა
ლოპოტას ხეობაში, სპეცოპერაციის ადგილი უკვე დატოვა სპეცრაზმელებისა და საბრძოლო მანქანების დიდმა ნაწილმა. ტერიტორიიდან გამოვიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. 12 კაციანი შეიარაღებული ჯგუფიდან 11 მათგანის გვამი ნაპოვნია, ოფიციალური ინფორმაციით, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.
გუშინ დაწყებული სპეცოპერაცია ნისლის გამო შეჩერებული იყო. ბანდფორმირების წევრების დევნა გამთენიისას ისევ განახლდა. დილის სათებში ლოპოტას ხეობაში სამხედრო პოლიციელებით სავსე ავტომობილები შევიდნენ. ხეობის მიმართულებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც დაიძრნენ. სპეცოპერაციის ადგილას შსს მინისტრი ბაჩო ახალაიაც მივიდა, რომელმაც ტერიტორია, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში კრიზისის მართვის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დატოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის წასვლიდან რამდენიმე საათში ლოპოტას ტერიტორია შავნაბადას ბატალიონის პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილმა დატოვა, რომლითაც სპეცოპერაციის მონაწილეები გამოიყვანეს. ხეობიდან სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოვიდნენ, თუმცა უცნობია, გამოიყვანეს თუ არა მათ დაჭრილები. აიტივის კორესპონდენტის ცნობით, სპეცოპერაციის ადგილას რამდენიმე ვერტმფრენი პატრულირებდა.
დღესვე ლაფანყურში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მათ გზის რეაბილიტაციასა და ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლების გადაწყვეტას დაპირდა.
სოფელში ამ წუთებში სიმშვიდეა. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება.
კომენტარები