პოლიტიკა
ნისლის გამო სპეცოპერაცია დროებით შეჩერებულია
2012-08-30 00:30:41
ჩამოტვირთვა
საღამოს ლოპოტას ხეობისკენ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დამატებითი ძალები შევიდნენ. შეიტანეს მშრალი ულუფა, სასმელი წყალი და, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალებიც.
სპეცოპერაციაში მხოლოდ შსს-ს დანაყოფები მონაწილეობენ.
თელავიდან ლაფანყურის გავლით ხეობისკენ პერიოდულად გადაადგილდებიან, სავარაუდოდ, სამთავრობო საკოორდინაციო შტაბის წევრები. მანქანების მინები დაბურულია და იქ მსხდომთა იდენტიფიცირება შეუძლ
ებელია.
სპეცოპერაცია დროებით შეჩერებულია ხეობაში ნისლის ჩამოწოლის გამო, თუმცა, მონაცემებს შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილებისა და სავარაუდო ღამის გასათევი ადგილის შესახებ ამუშავებენ. მონაცემებს ღებულობენ უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა წყაროებიდან.
ლაფანყურში არანაირი პანიკა არ არის. მოსახლეობა, რომელთა შორის არიან ქალებიც და ბავშვებიც, შეკრებილია სოფლის ცენტრში. აქვე არიან ჟურნალისტებიც და საპატრულო პოლიციის მორიგე ჯგუფიც, რომელიც პერიმეტრს აკონტროლებს. მოსახლეობას და ლაფანყურში მყოფ ჟურნალისტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
დაახლოებით ერთი საათის წინ სპეცოპერაციის ადგილიდან ლაფანყურის გავლით, თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც შსს-ს "პიკაპის" ტიპის ჯიპები აცილებდნენ, თუმცა, ცნობილი არ არის, გადაჰყავდა თუ არა სასწრაფოს დაჭრილები.
დაუდგენელია, ბოლო ინფორნაციის შემდეგ გაიზარდა თუ არა ლიკვიდირებული ბოევიკების რაოდენობა ან არის თუ არა აყვანილი ვინმე ცოცხლად. ჯგუფის წევრთა ვინაობა ან ეროვნება არ კონკრეტდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
კომენტარები