მსოფლიო
დაღესტნის სპეცოპერაციის დეტალები
2012-08-29 12:58:40
ჩამოტვირთვა
თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სპეცოპერაცია, რომელსაც შსს-მ ატარებს. ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა, თუმცა სპეცოპერაცია გრძელდება და მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია პატრულირებს. ბოლო ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან დილის 6 საათზე გავრცელდა. ინფორმაციის მიხედვით, სოფელი უკვე დატოვეს სამხედრო მანქანებმა, რომელთა გადაადგილება ღამით შეიმჩნეოდა. ასევე ღამის საათებში სოფელში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც მოგვიანებით ლაფანყური დატოვა. ტერიტორია დატოვეს ასევე სასწრაფო დახმარების მანქანებმა, თუმცა, დაუდგენელია, გადაჰყავდათ თუ არა მათ დაჭრილები. დილიდან სოფლის თავზე ვერტმფრენებიც პატრულირებენ. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასული ღამის განმავლობაში სოფელ ლაფანყურს მოსახლეობა ტოვებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივების განცხადებით, არც ერთ მათ თანასოფლელს საცხოვრებელი არ დაუტოვებია. მათივე თქმით, იყო გარკვეული შიში თავდაპირველად, თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ შეიტყვეს, პანიკა ჩაცხრა.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია შსს-მ გუშინ, დაახლოებით 22.00 საათზე გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. სპეცოპერაცია სოფელ ლაფანყურიდან 30მ კმ-ის დაშორებით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ტარდება, სადაც ტყის მასივი მდებარეობს.
--
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი საათის წინ გაავრცელა ახალი განცხადება ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპარაციასთან დაკავშირებით. "საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
შს სამინისტრომ გაავრცელა ასევე ვიდეომასალა, სადაც ასახულია თათბირი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. თათბირზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შს მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
--ჭრა
ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციას ადგილობრივები ადგილობრივები 26 აგვისტოს 5 ახალგაზრდის გაუჩინარების საქმეს უკავშირებენ, რომლებიც ამ დრომდე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა ლაფანყურის ტყეში დაკარგული ხუთი ახალგაზრდის პოვნის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფის წევრებს ჰყავდათ გატაცებული. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ადგილსამყოფელს ადგილობრივებმა მიაგნეს, რომლებიც დაკარგულებს ეძებდნენ, თუმცა, აღმოაჩინეს, რომ ტყეში შეიარაღებული პირები იყვნენ, რის შესახებაც ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს. ამავე ვერსიის თანახმად, სპეცოპერაცია ლაფანყურში სწორედ გათავისუფლებულთა დაკითხვის შემდეგ დაიწყო.
მათი ოჯახის წევრების განცხადებით, გავრცელებული ვერსია, რომ ახალგაზრდებს გზა აებნათ, აბსოლუტურად არარეალურია, რადგან ყველა მათგანი აღნიშნული სოფლის მცხოვრებია და მშობლიურ მხარეშე მათ გზა არ აებნეოდათ. ოჯახის წევრების ვერსიით, ახალგაზრდების გაუჩინარების მიზეზი მათი გატაცება გახდა.
--ახალგაზრდების
დაღესტნის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაციის დაწყებიდან ორ დღეში იქ უკვე 20-ზე მეტი ბოევიკი და რუსი პოლიციელი დაიღუპა. რუსეთის ძალოვნების მტკიცებით, დაღესტანში, წუნტის რაიონში, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, ბოევიკთა ბანაკია აღმოჩენილი. ადგილზე კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა. ერთ-ერთი აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობით, რაიონში 300 ერთეული ჯავშანტექნიკა და 2500-ზე მეტი ქვეითი ჯარისკაცია მობილიზებული. გამორიცხული არ არის, რუსეთის მხრიდან დაწყებულ სწორედ ამ სპეცოპერაციას უკავშირდებოდეს საქართველოს შსს-ს სპეცოპერაცია, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომენტარები