მსოფლიო
შსს-ს ოფიციალური განცხადება დაღესტნის საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე
2012-08-29 11:25:49
ჩამოტვირთვა
საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან ამ წუთებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ჯგუფი დევნის ოპერაციას ახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს-ს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა.
საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი ჩატარდა თელავში, კახეთის სამხარეო პოლიციის შენობაში.
თათბირს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. მათ ვანო მერაბიშვილს საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე დევნის ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მისგან სპეციალური დავალებები მიიღეს.
დღეს დილით, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის გავლით, დევნის ოპერაციის მიმდინარეობის ადგილზე პოლიციის კიდევ ერთი კოლონა შევიდა, რომელსაც შს მინისტრი ბაჩო ახალაია ახლდა.
ოპერაცია თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით მიმდინარეობს, სადაც ტყის მასივზე საქართველოსა და დაღესტნის საზღვარი გადის.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაცია. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ადგილზე არანაირი ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
კომენტარები