მსოფლიო
როგორ გააძევეს გომელებმა კალაძე მშობლიური სოფლიდან
2012-08-18 17:59:17
ჩამოტვირთვა
სოფელ გომში საკუთარ მომხრეებთან ერთად ჩასული კალაძე ადგილობრივებმა სოფელში არ შეუშვეს. მოსახლეობა ექსფეხბურთელს სოფლის ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა. აღსანიშნავია, რომ გომი კახი კალაძის მშობლიური სოფელია, აქაურები ექსფეხბურთელსა და მის ოჯახს კარგად იცნობენ, რაც მათი აგრესიის მთავარი მიზეზი იყო.
როგორც ჩანს მეოცნებეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ გომელებს კალაძე არ უყვართ. რის გამოც სოფელს ექსფეხბურთელის ჩასვლამდე მისი მომხრეები ეწვივნენ და კალაძის დასახვედრად მზადება დაიწყეს. მეოცნებეებმა წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცოცხალი კედელი აღმართეს, რომლის მიღმაც რიგით მოქალაქეებს არ უშვებდნენ, ეს ტერიტორია კახი კალაძისთვის იყო განკუთვნილი. ამ ფაქტმა მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ადგილობრივებს საკუთარი თანასოფლელი კახი კალაძისთვის შეკითხვების დასმა სურდათ.
ცოცხალი კედლის მიღმა არ უშვებდნენ მედიის თანამშრომლებს, კალაძესთან მიახლოება მხოლოდ მეცხრე არხისა და ინფო ცხრის ჟურნალისტების პრიორიტეტი იყო. ცოცხალი კედლის გარღვევის მცდელობისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ინტერნეტტელევიზია აიტივის ჟურნალისტს.
გომში კალაძის ჩასვლამდე ადგილობრივები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და კალაძის მარჯვენა ხელთან ზაზა ადეიშვილთან ცდილობდნენ. გომელებს აინტერესებდათ რატომ არ შეუწყო კალაძემ ხელი გომში სპორტის განვითარებას. ამ თემაზე საუბრისას ადგილობრივებმა ერთი ლარის ცნობილი ისტორიაც გაიხსენეს. საუბარია რამდენიმე წლის წინანდელ ამბავზე, როდესაც გომის გამგეობამ ფეხბურთელს გომის სპორტული ინფრასტრუქტურის სიმბოლურ ფასად ერთ ლარად შესყიდვა და მის განვითარებაზე ზრუნვა შესთავაზა, კახი კალაძისგან კი უარი მიიღო.
კახი კალაძის მხარდამჭერების შემდეგ გომს თავად სპორტსმენიც ეწვია, მაგრამ მისი ვიზიტი მხოლოდ ერთ წუთს გაგრზელდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ კალაძე სოფელში არ შეუშვა, რის გამოც ექსფეხბურთელმა მშობლიური სოფელი მისვლისთანავე დატოვა
კომენტარები