მსოფლიო
აგვისტოს ომიდან 4 წელი
2012-08-08 20:45:48
ჩამოტვირთვა
აგვისტოს ომიდან 4 წელი გავიდა და საქართველოს ყველა კუთხეში დაღუპულ რაინდებს იხსენებენ. საქართველოს დღეს ისევ ისე ძლიერად ტკივა, როგორც 4 წლის წინ. გორის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ საღმრთო ლიტურგია აღავლინა. წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე ანდრიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად, გორში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
2008 წლის მოვლენები დღეს სოფელ შინდისშიც გაიხსენეს. შინდისის მოსახლეობა იმ ადგილზე შეიკრიბა, სადაც ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის მემორიალია.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში ქართველ ჯარისკაცთა 17-კაციანი რაზმი რუსულ კოლონას გადააწყდა. ქართველ ჯარისკაცებსა და რუს სამხედროებს შორის რამდენიმესაათიანი უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ქართველების რაზმში მოწინააღმდეგეზე ნაკლები რაოდენობის მეომარი იყო, ამიტომ ბრძოლის ბოლოს, როდესაც ცოცხალი მხოლოდ 2 ქართველი ჯარისკაცი გადარჩა, მათ ტყვედ ჩავარდნას თავის აფეთქება არჩიეს.
დღეს 2012 წლის 8 აგვისტოა, ქართველ ერს კი ოთხი წლის წინ მიყენებული იარები ისევ ძლიერად სტკივა და, ალბათ, არც არასოდეს მოუშუშდება ჩვენი გმირი რაინდების დაღვრილი სისხლი.
კომენტარები