პოლიტიკა
სპორტი და ოცნება
2012-08-02 19:37:23
ჩამოტვირთვა
ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გარემოცვა წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობს. ოლიგარქის ბრძოლის მეთოდებში, ბოლო პერიოდში, ერთი ხაზი გამოიკვეთა: ქვეყანაში მომხდარი ნებისმიერი უბედურების თავის სასიკეთოდ გამოყენება.
კახეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ივანიშვილმა პოლიტიკური სარჩული ქართველი სპორტსმენის ლონდონის ოლიმპიადაზე დამარცხებასაც დაუდო. როგორც დღეს დანიშნულ ე.წ. საგანგებო ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველომ თითქმის გარანტირებული ოქროს მედალი უცხოელი მსაჯის მიკერძოებულობის გამო დაკარგა.
რა მოხდა რეალურად... ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიენ მილუსთან ორთაბრძოლის დასრულებამდე 5 წამით ადრე, ქართველი სპორტსმენი ბეთქილ შუკვანი იუკოს იგებდა, როდესაც მეტოქემ იპონზე გადააგდო. აი, რას წერს სპორტულ გაზეთი „ლელო“.
„შუკვანს იმ მომენტში ძალზე მარტივი ამოცანა უნდა გადაეჭრა - როგორმე გაეყვანა ეს დარჩენილი წამები, რათა ცხოვრება წამებად არ ქცეოდა.
საამისოდ ბევრი გზა არსებობდა - თუნდაც ჩავლება აეღო, ხელებზე ეჭიდავა, მაჯა დაეჭირა, წელში ოდნავ მოხრილი მაინც დამდგარიყო ან რამე ამგვარი... დამთავრებამდე 9 წამით ადრე გაფრთხილებაც შეგნებულად მიიღო, რაც სავსებით გამართლებული იყო. მერე კი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.“
ბეთქილ შუკვანის დამარცხების ერთერთ მიზეზად ტრავმა სახელდება. მან ავტომანქანის კარში თითი მოიყოლა და ლონდონში ექიმის დახმარება რამდენჯერმე დასჭირდა, თუმცა ამ ტრავმით მან ავსტრალიელ არნი დიკინსს მოუგო. სპორტული გაზეთი „ლელო“ წერს.
„თითის ტკენა კი არა, იმ მომენტში იმდენად მარტივი რამ ევალებოდა, ხელი საერთოდ რომ არ ჰქონოდა, ისეც უნდა გაეყვანა ის ავბედითი 5 წამი!
თითზე უფრო მთავარი მიზეზი ტაქტიკური ჭიდაობის ნაკლია. შუკვანმა არათუ არ სცადა ფრანგის შეჩერება, უპრობლემოდ შეუშვა და აცალა ილეთზე შეკვრა. მილუმ გდება მოამზადა კიდეც და უნაკლოდაც ჩაჩეხა. შუკვანი კი თითქოს შეტევის დასასრულს ელოდა, ისე მორჩილად მიჰყვებოდა მოვლენათა განვითარებას. “
სპორტულმა მიმომხილველმა ბეთქილ შუკვანის დამარცხებას ვრცელი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა და მასში პროფესიონალურად შეაფასა სპორტსმენის ბრძოლა და გამარჯვების შანსებზეც ლოგიკურად იმსჯელა. დამარცხებული სპორტსმენი კი საკუთარ წარუმატებლობას მსაჯების მიკერძოებულობას აბრალებს.
პოლიტიკურად ანგაჟირებულმა სუბიექტებმა ბეთქილ შუკვანის მარცხი თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენეს და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ღირსების შებღალვა კიდევ ერთხელ სცადეს. „ქართულმა ოცნებამ“ 23 წლის სპორტსმენი, რომელსაც კარიერაში ჯერ კიდევ ყველაფერი წინ ჰქონდა, სათანამშრომლოდ პარტიაში უკვე მიიწვია.
რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ ივანიშვილის გარემოცვამ საქართველოს ოლიმპიური მარცხით ისარგებლა და ბეთქილ შუკვანი რომ მეტოქემ იპონზე გადააგდო და ბრძოლა წააგო, საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალა.
პოლიტიკური ქულების ჩაწერის ხარჯზე, „ოცნება“, როგორც ჩანს, ახალგაზრდა სპორტსმენების დეგრადირებასაც არ ერიდება და მათ პოლიტიკურ სკანდალებში გახვევას ცდილობს. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, სპორტსემენების გვერდში დგომისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ხორციელდება.
კომენტარები