პოლიტიკა
„კარდაკარის“ შედეგები - სულ 3 483 142 ამომრჩეველი გადამოწმდა
2012-07-31 18:00:32
ჩამოტვირთვა
დღეს სასტუმრო „ქორთიათ მერიოტში“ პროექტ კარდაკარის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემები გადაამოწმა.
როგორც კომისიის თავჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, სამუშაოები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდა. გარდაცვლილი ადამიანების სიიდან ამოშლა, საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების ზუსტი სიის დადგენა და რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი პიროვნებების მონაცემთა შეგროვება.
როგორც ჟურნალისტებს კომისიის თავჯდომარემ განუცხადა. მათ მიერ დამუშავებულ მონაცემებს სახელმწიფო უწყებებიდან, სასაზღვრო პოლიციიდან და საკონსულოებიდან მიღებული ინფორმაცია დაემატება, რის შემდეგაც სახემწიფო უწყებებთან შეჯერებული ამომრჩეველთა სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა და დასრულებული სახით საზოგადოებას ხვალ წარუდგენენ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და ndi-ის წარმომადგენლები.
„ამ კომისიის ჩამოყალიბება არის გასულ წელს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის შედეგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ასევე აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს გაუჩნდათ ნდობა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიისა და მათი მუშაობის მიმართ, ვინაიდან პროექტში ჩართული ადამიანები კარდაკარის პრინციპით ამოწმებდნენ საარჩევნო სიებს, რაც ნდობას კიდევ უფრო ზრდის. მინდა ხაზუ გავუსვა, რომ ყოველთვის კარგია როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხდება შეთანხმება იმაზე, რომ თუნდაც სიების გადამოწმებით მოსახლეობის არჩევანი დაცული იყოს და სამივე მხარის ინტერესები გათვალისწინებული.“
კომისიის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია 21 წევრისგან შედგება. მიის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გამოყოფილია 5 მილიონი ლარი.
პროექტი „კარდაკარი“17 ნოემბერს დაიწყო და 8 თვის განმავლობში მიმდინარეობდა. სიების დაზუსტების პროცესში სულ 12 000 რეგისტრატორი მონაწილეობდა, რომლებიც სპეციალური ტრენინგის საშუალებით შეარჩიეს.
როგორც კომისიის თავჯდომარე აცხადებს, ამომრჩეველთა სიებზე მუშაობა ამით არ სრულდება და საბოლოო ვერსია 15 სექტემბერს გამოქვეყნდება.
კომენტარები