მსოფლიო
ივანიშვილის მაჟორიტარობის კანდიდატები და „სახტად დარჩენილები“
2012-07-19 17:11:17
ჩამოტვირთვა
მოჭიდავე, ვეტერანი ფეხბურთელი, მსახიობი და სამი, თუ ოთხი მეტ–ნაკლებად ცნობადი პოლიტიკური სახე – ასეთია ოლიგარქ ივანიშვილის თბილისის მაჟორატარ კანდიდატთა სია. დღემდე გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით აფასებს, ან ირჩევს ივანიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატებს;
ოლიგარქი დღესვე ახალი ინიციატივით გამოვიდა: ახლადგაპოლიტიკოსებულმა ბიზნესმენმა სურვილი გამოთქვა, რომ მაჟორიტარები მუსიკის თანხლებით დაესახელებნია. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ასე უფრო ლამაზი, სანახაობრივი და პომპეზური იქნება.
მთაწმინდის რაიონში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი იყრის, ვაკის რაიონში - შალვა შავგულიძე, საბურთალოს რაიონში - დავით უსუფაშვილი, კრწანისში - შოთა ხაბარელი, ისანში - ქართული აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ნუკრი ქანთარია, სამგორში - ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძე, დიდუბეში - ვახტანგ ხმალაძე, ნაძალადევში - თეა წულუკიანი, გლდანში - მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი.
რაც შეეხება რეგიონებს, ამბროლაურის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია - ეკონომისტი და იურისტი დავით დარახველიძე, წალენჯიხის რაიონში - ინჟინერი და იურისტი გიორგი ნაჭყებია, მარტვილის რაიონში - ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა, ხონის რაიონში - ინჟინერი და იურისტი ნიკა სანოძე, ჭიათურის რაიონში - ექიმი მალხაზ წერეთელი, ხოლო საგარეჯოს რაიონში - თინა ხიდაშელი.
მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, „აიტივისთან“ კონკრეტულ გეგმებზე მხოლოდ შალვა შავგულიძემ, ვიქტორ დოლიძემ და დავით უსუფაშვილმა ისაუბრეს. უმეტესობა დღეს ლოზუნგების ენით საუბრობდა, მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზებზე კი ვერაფერს ამბობდა.
რა ნაბიჯების გადადგმით დაიწყებს შოთა ხაბარელი პოლიტიკურ საქმიანობას, ჯერ არ იცის. კოლეგების უსუსურობას ვერ მალავენ ვახტანგ ხმალაძე და მაჟორიტარობის სიის რამდენიმე კანდიდატი. ისინი გამოსავალს ამ ადამიანების მომზადებასა და სწავლებაში ხედავენ.
ქართული ოცნების რამდენიმე წევრს გული დაწყდა, რომ მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა. დავით საგანელიძესთვის უცნობია, რა პრინციპით შეირჩნენ მაჟორიტარობის კანდიდატები.
სახტად დარჩენილთა შორის დავით საგანელიძის გარდა არიან დავით და ლევან ბერძენიშვილები, კახა შარტავა, სოზარ სუბარი, რევაზ შავიშვილი, გია ცაგარეიშვილი, დავით ზურაბიშვილი, გოგი თოფაძე და მაია ფანჯიკიძე.
თუმცა, როგრც ჩანს, ასეთია ახალგამომცხვარი პოლიტიკოსის ნება, და ივანიშვილის გადაწყვეტილებებს მის გუნდში ხომ წინ ვერავინ აღუდგება.
რაც შეეხება დარჩენილ რაიონებს - ახალქალაქის, ცაგერის, ნინოწმიდას, ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატებს ივანიშვილი უახლოეს დღეებში დაასახელებს.
დაუპირისპირდებიან თუ არა ივანიშვილს „სახტად დარჩენილები“, ჯერჯერობით, უცნობია, ფაქტია, რომ უკმაყოფილების მუხტი უკვე გაჩნდა და დღესვე, ხმამაღლაც გაიჟღერა.
კომენტარები