მსოფლიო
„მაესტრო“ ჯარიმის გადახდას არ აპირებს
2012-07-12 20:46:43
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენები დააყადაღა. ოფიციალური განცხადება საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. განცხადების მიხედვით, „მაესტრო“ ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით აპირებდა.
"სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოსათვის ყადაღის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე"
სატელიტური ანტენების დაყადაღების გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ტელეკომპანია „მაესტროსგან“ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ და ფონდ „ქომაგთან“ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებისა და ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც „მაესტროს“ ხემლძღვანელობა აცხადებს, აღნიშნულ დოკუმენტაციას, აუდიტის სამსახური დღეს ან ხვალ მიიღებს. მოჰყვება თუ არა „მაესტროს“ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თავად ტელევიზიის დაჯარიმება, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ტელევიზიის გენერალური დირექტორი, მამუკა ღლონტი აცხადებს, იგი ჯარიმას არ გადაიხდის. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, მამუკა ღლონტის აზრით, ის უსაფუძვლოა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მიმართვის ადრესატები არიან მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედტირებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო დამკვირვებლები.
მთავარმა პროკურატურამ დღესვე მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „მაესტრომ“ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენელთა მითითებით, საქართველოში ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა. ანტენები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით უნდა დარიგებულიყო. განცხადების მიხევდით, ანტენების განბაჟების პროცესს არა „მაესტროს“ შესაბამისი პირი, არამედ „ელიტა ბურჯის“წარმომადგენელი ესწრებოდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები