პოლიტიკა
NDI-მ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
2012-07-10 21:05:26
ჩამოტვირთვა
მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, საზოგადოების დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმებისა თუ საშინაო და საგარეო საკითხების მიმართ - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მორიგი კვლევის შედეგს აქვეყნებს.
NDI- იმ საქართველოს მასშტაბით, ,,პირისპირ ინტერვიუს’’ პრინციპით, 6, 299 ადამიანი გამოკითხა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა რჩება - ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფასების ზრდისა და ინფლაციის აქტუალურობის მაჩვენებელი დაბლა იწევს.
კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 75 პროცენტმა დადებითად უპასუხა. თებერვლის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროცენტული მაჩვენებელი ამ კუთხით საგრძნობლად შეცვლილია, ჯერ კიდევ თებერვალში, არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნას მოსახლეობის 64 პროცენტი გამოთქვამდა, სექტემბერში კი ეს რიცხვი 51%-ი იყო.
გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, ასევე გაზრდილია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა მაჩვენებელი, ბოლო გამოკითხვით, მათმა რიცხვმა 77 პროცენტი შეადგინა, რაც თებერვლის მონაცემებს 9 პროცენტით, ხოლო სექტემბრის მონაცემებს 23 პროცენტით აღემატება.
გამოკითხულმა 6, 299 ადამიანმა ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად, ელექტროენეგიის გადასახადზე ნაგვის გადასახადის მიბმა, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის ღირებულება დაასახელა.
თუმცა გამოკითხულთა 49 პროცენტი მაინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე თუ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, გამოკითხულთა ნახევარი ანუ 50% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება.
გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე დადებითად არის განწყობილი მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ, მათი უმრავლესობა, ანუ 42 პროცენტი მიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად, წესების სრული დაცვით ჩატარდება.
NDI-მ მოსახლეობა ლაზიკის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებითაც გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ახალ ინიციატივას და საქართველოში ახალი ქალაქის მშენებლობას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ანუ დაახლოებით 60 პროცენტამდე მხარდამჭერი ჰყავს.
დამოუკიდებელმა ინსტიტუმა კვლევა პოლიტიკაში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებითაც ჩაატარა. მოსახლეობის 74 პროცენტი სურვილს გამოთქვამს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხმა სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენელს მისცეს. კვლევის საფუძველზე ისიც ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მომავალ პარლამენტში ქალ პოლიტიკოსთა რიცხვის გაზრდის მომხრეა.
მოსახლეობის განწყობა არ შეცვლილა საგარეო კურსთან მმართებით, გამოკითხულთა უმრავლესობა, ანუ 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის უსაფრთხოებაში, მხოლოდ 12%-ია დარწმუნებული.
ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს, მისაღები გამოკითხულთა 70 პროცენტისთვის აღმოჩნდა, 25 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ორ წელიწადში ანუ 2014 წელს გახდება, ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურად მხოლოდ 10 პროცენტია განწყობილი.
მოსახლეობის 55 პროცენტმა ასევე დადებითად შეაფასა პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.
NDI-იმ რესპოდენტები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის შესახებაც გამოკითხა. ოლიგარქის პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმირებული მხოლოდ 17 პროცენტი აღმოჩნდა, 71 პროცენტმა კი ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ არაფერი იცის.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა.
კომენტარები