პოლიტიკა
საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში
2012-07-09 16:25:01
ჩამოტვირთვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს გააცნო. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა .
მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძე, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა.
მინისტრის მოადგილე დავით ახალაია იქნება, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
დიმიტრი შაშკინმა მინისტრის მოადგილედ ასევე წარადგინა მაია სიფრაშვილი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" კურატორი. პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები.
მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია - თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.
მოადგილეებთან ერთად დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო.
გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი იოსებ თოფურიძე იქნება.
თავსაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად გენრიეტა მუმლაძე დაინიშნა. მას იგივე თანამდებობა ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი იქნება, საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ეკა ჭუმბურიძე, ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - როინ გიუნაშვილი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან ასისტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი - ნანა როსტობაია, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი-თეიმურაზ იობიძე.
სამინისტროში ასევე იქმნება ახალი დეპარტამენტი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი გულუა.
კომენტარები