მსოფლიო
მინისტრთა ახალი კაბინეტი - ახალაია, შაშკინი, დეკანოიძე, ხომერიკი, ტრაპაიძე
2012-07-03 18:04:37
ჩამოტვირთვა
„მეტი სარგებელი ხალხს“ - ასე ეწოდება ახალ პროგრამას, რომელსაც მინისტრთა განახლებული კაბინეტი, ახლა უკვე ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში განახორციელებს. როგორ გამოიყურება განახლებული მთავრობა და რა გზა განვლეს ახალდანიშნულმა მინისტრებმა ამ დრომდე.
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია დაინიშნება. 2009 წლის 29 აგვისტოდან დღემდე მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობდა ეკავა. 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. 2008-2009 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2004-05 წლებში სახალხო დამცველის მოადგილე. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
მის სახელს უკავშირდება თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართული ჯარის გაძლიერება. ქართული ჯავშანტექნიკის, დიდგორისა და ლაზიკას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატის და სხვა ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოება.
ბაჩო ახალაიას კანდიდატურა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილმა შესთავაზა.
თავდაცვის სამინისტროს დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს. 2009 წლის 7 დეკემბრიდან დღემდე ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი იყო. 1998 წლიდან მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში საქართველოს პროგრამის კოორდინატორად. 2001- 08 წლებში პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ხოლო 2008 წლიდან საქართველოს პროგრამის დირექტორი იყო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს ხატია დეკანოიძე დაიკავებს, ის ამ დრომდე გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს. მანამდე დეკანოიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის დირექტორი იყო.
2006-2008 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველად მუშაობდა, 2006 წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
შეიცვალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრი. კობა სუბელიანის ნაცვლად ამ პოსტს დალი ხომერიკი დაიკავებს. ხომერიკი დღემდე აფხაზეთის მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრია.
ახალ მთავრობაში ახალი სამინისტრო ჩამოყალიბდება. ეს არის დასაქმების სამინისტრო, რომელსაც პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს. პაატა ტრაპაიძე ამ დრომდე „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2005 წლის 29 მარტს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაა.
კომენტარები