პოლიტიკა
სახალხო კრების წევრებს „ოცნების“ ლიდერთან შეხვედრა სურთ
2012-06-20 14:59:22
ჩამოტვირთვა
სახალხო კრების" წარმომადგენლებს - ლუკა კურტანიძეს, სოსო ჯაჭვლიანს, გია ბურჯანაძესა და ნონა გაფრინდაშვილს "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ.
"მე, სოსო ჯაჭვლიანი, გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი მზად ვართ, შევხვდეთ და დაველაპარაკოთ ბატონ ბიძინას იმ შეთავაზებაზე, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა. მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობის ფორმატზე გადაწყვეტილება პირადად კოალიციის პირველ პირთან უნდა შედგეს. გვსურს მასთან შეხვედრა, რომ დეტალებზე დავილაპარაკოთ", - აღნიშნა კურტანიძემ.
მისივე განმარტებით, პირადად "ქართულ ოცნებასთან" ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისთვის მზადაა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მაჟორიტარ კანდიდატადაც იყაროს კენჭი, თუკი ეს ქვეყანას წაადგება.
"პირველ რიგში, მზად ვართ საუბრისთვის – პირადად უნდა მოვისმინოთ, რას შემოგვთავაზებს. თუ ბატონი ბიძინა მეტყვის, რომ მთის წვერზე უფრო ვარ საჭირო და არჩევნებამდე იქ უნდა ვიყო, მე მზად ვარ, იქ დავდგე. თუ არჩევნებში მონაწილეობაზე იქნება საუბარი – ამისთვის მზად ვარ, თუმცა რომელ ოლქში წარმომიდგენია საკუთარი თავი, ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა. სადაც აჯობებს, იქ ვიქნები. მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს. მთავარი ისაა, რომ მზად ვარ , "ქართულ ოცნებასთან" ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. როცა ქართველ ხალხში იმედი გააჩინა ადამიანმა, რომელმაც ქვეყანას უამრავი სიკეთე გაუკეთა და გთავაზობს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში მისი თანამებრძოლი გახდე, რა უფლება მაქვს, რომ გვერდით არ დავუდგე. არც ვტოვებ იმის შესაძლებლობას, რომ მასთან ერთიანობაზე არ ვიფიქრო", - განაცხადა "სახალხო კრების" წარმომადგენელმა, ლუკა კურტანიძემ.
კოალიცია "ქართული ოცნება" მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, მათი რიგებიდან "სახალხო კრების" წარმომადგენლებმა, ლუკა კურტანიძემ და სოსო ჯაჭვლიანმა კენჭი მაჟორიტარ კანდიდატებად იყარონ.
"ამ ადამიანებთან დაკავშირებით გამოითქვა სურვილი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ისინი მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრას დათანხმდებოდნენ", - ganacxada ზურაბ აბაშიძემ.
კომენტარები