პოლიტიკა
ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურება
2012-06-19 13:51:15
ჩამოტვირთვა
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა დღეს, დღის ბოლომდე აქვს. კონტროლის პალატის ინფორმაციით,
,სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილება ოფიციალურად 12 ივნისს არის დაფიქსირებული და სწორედ ამიტომ, ჯარიმის გადახდის ვადა არა 18 ივნისს, არამედ 19-ში, დღის ბოლოს იწურება.
საქალაქო სასამართლოს მიერ მიცემული 7-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტროლის პალატამ სასამართლოს აღსრულების ფურცლით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც პროცედურულად საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.
ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის ცნობით , სააღსრულებო ბიურო ფურცლის მიღებიდან 5 დღეში ვალდებულია ივანიშვილს აცნობოს რომ სააღსრულებო წარმოება დაიწყო.
კონტროლის პალატაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ნებისმიერი გადაწყვეტილება კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა.
ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.
კომენტარები