პოლიტიკა
რუსეთის ხელისუფლება ქართველების დევნას იწყებს
2012-06-14 19:54:38
ჩამოტვირთვა
რუსეთის ხელისუფლება ქართველების დევნას იწყებს. ოფიციალური განცხადება რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გუშინ გააკეთა. მისი თქმით, რუსეთში მცხოვრებ 9 000-ზე მეტ ქართველს დეპორტაცია ემუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, საიმიგრაციო სამსახურის უფროსი, კონსტანტინე რომოდანოვსკი, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებს, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ამართლებს.
„კონსტანტინე რომოდანოვსკის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში უკვე უწოდეს „ქართველებზე ნადირობის გამოცხადება". დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის, მამუკა კახიშვილის, სასტიკი მკვლელობა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.სამარაში 2011 წლის 10 ნოემბერს.“
ქართული მხარე მეზობელი ქვეყნის ამგვარ ქმედებას არანორმალურს უწოდებს.
სტრასბურგში, ევროსასამართლოს სხდომის დასრულებიდან, რამდენიმე საათში, მსგავი განცხადების გაკეთება, რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელზე მეტყველებს. ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია, მეზობელი ქვეყნის მორიგ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, საქართველოს მიმართ, აგრესიული პოლიტიკური კურსი არ იცვლება.
რუსეთის მხრიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია 2006 წელს განხორციელდა. მორიგ დეპორტაციაზე მუქარა კი გუშინ გაისმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს პუტინის ხელისუფლება მუქარის სისრულეში მოყვანას.
კომენტარები