პოლიტიკა
პარლამენტი ლაზიკას სტატუსის შესახებ ცვლილებების განხილვას იწყებს
2012-06-11 20:38:38
ჩამოტვირთვა
სამეგრელოში, ზღვის სანაპიროზე პრეზიდენტის განკარგულებით, ახალი ქალაქი, ლაზიკა დაარსდება.
ახალი ქალაქი ანაკლიასა და ყულევს შორის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა გაშენდეს. ლაზიკას მოსახელეობამ კი ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს.
ჯერჯერობით, ტერიტორია, სადაც ახალი ქალაქი უნდა აშენდეს დაჭაობებულია. მშენებლობის დაწყებამდე კი ჭაობს ამოაშრობენ.
ქალაქში, რომელიც თბილისის შემდეგ საქართველოში სიდიდით მეორე ადგილზე უნდა იყოს, მოეწყობა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, გაივლის რკინიგზა, აშენდება აეროპორტი, ბანკები, ოფისები, საგამოფენო და კულტურული ცენტრები.
ლაზიკასთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პარლამენტმა 1 თვის წინ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, ექსპერტებთან ერთად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მსჯელობდნენ.
ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი, ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, პირველი მოსმენით წარადგენს.
ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ლევან ფეხვაძე აცხადებს, რომ ის ჯერ ვერ ხედავს, რა სტატუსის მატარებელი იქნება ლაზიკა. ედპ-ს წევრმა, გურამ ჩახვაძემ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ახალი ქალაქის დაარსების შესახებ, დადებითად შეაფასა.
შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი ლაზიკა ოთხ სხვადასხვა ზონას გააერთიანებს - საცხოვრებელ, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებს, ასევე ტურისტულ და სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს.
ლაზიკაში იქნება განსაკუთრებული იურისდიქცია და ეკონომიკური გარემო, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს. ლაზიკას მშენებლობისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან ეტაპობრივად 200 მილიონი ლარი გამოიყოფა, მშენებლობას კი 1.5 მილიარდი ლარი დასჭირდება.
კომენტარები