მსოფლიო
რუსეთის აგრესიული რიტორიკა
2012-06-07 22:25:45
ჩამოტვირთვა
ტრიბუნიდან მოსკოვის მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ - ოკუპაციაზე, ჯარების გაყვანასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბარმა რუსეთში ჩვეული აგრესია გამოიწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და მიმდინარე მოვლენებს „დეჟა ვუ“ უწოდა. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ლავროვის უწყებამ გავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ-მა არ გაითვალისწინა 2008 წლის გაკვეთილები.
„2008 წლის აგვისტოში, კავკასიაში განვითარებული მოვლენები აშშ-სთვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა სწორედ აშშ-სა და სხვა ქვეყნების აქტიურმა წახალისებამ, ცნობილმა ავანსებმა საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთიდან შეიარაღების მასირებულმა შეტანამ ჩამოუყალიბეს მიხეილ სააკაშვილს დაუსჯელობის კომპლექსი, რომელმაც მას სამხრეთ ოსეთში დანაშაულებრივი ავანტიურისკენ უბიძგა… შედეგად მოკლულ იქნა ასობით მშვიდობიანი მცხოვრები, დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები. ჩვენ მაშინ მოგვიხდა, აგრესორი გონზე მოგვეყვანა“
მოსკოვთან ერთად აღშფოთებას არ მალავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველები. მათთვის განსაკუთრებულ თავსატეხად ჰილარი კლინტონის მიერ ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებული განცხადება გახდა.
კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ასეთი პასპორტების მქონე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის აშშ-ში ჩასვლისთვის გზა ხსნილი იქნება.
მართალია, მარიონეტული რეჟიმები ამტკიცებენ, რომ თბილისის მიერ ინიცირებული ნეიტრალური პასპორტების მათ ტერიტორიებზე არაპოპულარულია, თუმც ამეორეს მხრივ ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე მწვავე რეაგირება სწორედ ნეიტრალური პასპორტების თემაზე მოახდინა.
„სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 5 ივნისს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცხინვალში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნისა და პოლიტიკოსის მხარდაჭერამ თბილისის არარეალური წინადადებების მიმართ… ამ დოკუმენტების ფართოდ დეკლარირებული ნეიტრალობა რეალობას არ შეესაბამება, რადგანაც გრაფაში „ქვეყნის კოდი“ საქართველოა მითითებული“
ოფიციალური მოსკოვის აგრესიული ტონი ქართველ კანონმდებლებს აღარ უკვირთ. მათი შეფასებით, სწორედ ვაშინგტონის პოზიტიურმა გზავნილებმა,ოკუპანტი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია.
საერთაშორისო საზოგადოება კი საქართველოსადმი მხარდაჭერას ღიად გამოხატავს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მსგავსი აგრესიული განცხადებები ამ მხადაჭერის გამო, კიდევ არაერთხელ გაჟღერდება.
კომენტარები