პოლიტიკა
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის
2012-06-06 19:27:51
ჩამოტვირთვა
"ჩვენ განვიხილეთ გზები, როგორ შეუძლია საქართველოს, ხელი გაუწოდოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს. ამ გზებში შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფა.
ეს იქნება ნაწილი იმ შერიგებისა, რომელიც გათვალისწინებულია მშვიდობიანი და სამართლიანი რეზოლუციით".
ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში ყოფნისას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა. როგორც ცნობილია, ახლო მომავალში, ამერიკის საელჩოები და საკონსულოები, მსოფლიოს მასშტაბით, ნეიტრალური სტატუსის დოკუმენტებს მიიღებენ, რომლის საშუალებითაც აფხაზები და ოსები ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად და სამოგზაუროდ წასვლას გამარტივებული გზით შეძლებენ.
"წარმოუდგენელი დიპლომატიური მხარდაჭერა" - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აფხაზი და ოსი ხალხისთვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღიარების საკითხი. პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ თანამემამულეებს საშუალებას მისცემს, რუსული დოკუმენტები იძულებით არ მიიღონ და საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით მთელს მსოფლიოში იმოგზაურონ. შეასრულებს თუ არა ახალი დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ღია ფანჯრის ფუნქციას - ჰილარი კლინტონის განცხადებას დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი რუსეთი ყველა ძალით ცდილობს ოკუპირებულ მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენას. ამ დროისათვის, ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებით, დაახლოებით, 100 ადამიანი მაინც სარგებლობს. ექსპერტები საუბრობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა ერთგვარი სიგნალია იმ ადამიანებისთის, ვინც რუსეთთან ინტეგრაციაზე ფიქრობს.
ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებას გამოხმაურება არ მოჰყოლია რუსეთში. ექსპერტები კი უკვე საუბრობენ იმაზე,რომ ახლო მომავალში ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დუკუმენტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება.
კომენტარები