1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ეხმაურება ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს უცხოური მედია

ჩამოტვირთვა

5 ივნისს საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები ყურადღებას კლინტონის განცხადებებზე ამახვილებენ და კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერას. აქცენტები კვლავ კრემლსა და რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე დაისვა. მედიის ინტერსესს ამჯერადაც კლინტონის რუსეთისადმი მოწოდებები იწვევს. კლინტონი აფრთხილებს პუტინს, რომ პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბიზნეს ვიქი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე ჰილარი კლინტონის საუბარი გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ვაშინგტონ პოსტის, ერთ-ერთი მთავარი თემაც იყო. სტატიის ავტორი წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსულ მხარეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ, ამჯერად, საქართველოდან მოუწოდა. ვაშინგტონ პოსტი ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ ჰილარი კლინტონი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და არ შეხვდა მის ოპოზიციონერ მოწინააღმდეგეს. ჰილარი კლინტონის ბათუმურ ვოიაჟს ეხმიანება ამერიკის ხმაც. მედიასაშუალება მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ამახვილებს ყურადღებას და ჰილარი კლინტონის სიტყვებს იმეორებს რომ, საქართველო „აისაფის“ ოპერაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია პარტნიორ ქვეყნებს შორის. ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტზე წერს ამერიკული გამოცემა ჩიკაგო ტრიბუნიც. სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას განახლებულ ბათუმსა და მშენებარე ინფრასტრუქტურაზე ამახვილებს, რომელიც სახელმწიფო მდივანს პრეზიდენტმა თავად დაათვალიერებინა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტზე წერენ როიტერი და ფრანგული გამოცემა „ლე ფიგაროც“. სტატიებში საუბარია ქვეყანაში მოსალოდნელი არჩევნების მნიშვნელობასა და იმ კონტრასტზე რაც, აყვავებულ და მშენებარე ბათუმსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები