მსოფლიო
ინტერნეტ-ომი პრესა.ჯი-სა და დრონი.ჯი-ს წინააღმდეგ
2012-06-04 21:53:53
ჩამოტვირთვა
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ პრესა.ჯი-სა და დრონი.ჯი-ზე ჰაკერული თავდასხმის ერთ-ერთი ავტორი ცნობილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ 1993 წელს დაბადებული ლევან დარჯანია დააკავა.
დარჯანიას ბრალი კომპიუტერული პროგრამების დამზადებასა და გავრცელებაში ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერთავდასხმის ავტორის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. თუმცა, გამოძიება ისევ გრძელდება.
2012 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე კიბერ შეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პოლიციის მიერ დაკავებულია 1993 წ/დ ლევან დარჯანია, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.
ლევან დარჯანია ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ პრესა.ჯი-სა და დრონი.ჯი-ზე ჰაკერული თავდასხმა 31 მაისს დაახლოებით, შუადღის 4 საათზე განხორციელდა.
მიზანმიმართული ე.წ. DDOS შეტევა, რომელსაც სავარაუდოდ ჰაკერთა ჯგუფი ახორციელებდა - ასეთია იმ სპეციალისტების შეფასება, რომლებიც 48 საათის განმავლობაში საიტების აღდგენის საკითხზე მუშაობდნენ.
სპეციალისტთა განცხადებით, კიბერ დამნაშავეები პერმანენტულად უტევდნენ პრესა.ჯი-ს და დრონი.ჯი-ს, რამაც აღნიშნული ვებგვერდების პარალიზება გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად კი ირკვევა, რომ ინტერნეტ–პორტალებზე ჰაკერული შეტევისათვის, კიბერ-თავმდამსხმელებმა ქართველი ინტერნეტ–მომხმარებლების 7 000–მდე აიპ-მისამართი, ანუ კომპიუტერის უნიკალური იდენტიფიკატორი გამოიყენეს.
თუმცა როგორც ცნობილია, ამის განხორციელება ტექნიკურად რამდენიმე ჰაკერსაც შეეძლო. რა გახდა ორ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ საიტებზე თავდასხმის მიზეზი. დღეს მედიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას პოლიტიკოსები აფასებდნენ.
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ პრესა.ჯი-სა და დრონი.ჯი-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება დღეს
კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის ხელმძღვანელმაც გააკეთა, გიორგი კაპანაძე
საიტებზე განხორციელებულ კიბერშეტევასა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული საიტების პარალიზებაში, პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე საუბრობს. მედიაჯგუფის დირექტორი არც იმას გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში ეჭვმიტანილთა რიცხვიც გაიზარდოს.
სპეციალისტები აცხადებენ,რომ 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს საქართველოს პრეზიდენტის საიტზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, მსგავსი სიმძლარვის კიბერთავდასხმა არ მომხდარა. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში დამნაშავეების რიცხვი მართლაც გაიზარდოს...
კომენტარები