მსოფლიო
ივანიშვილის მორიგი ეპისტოლე - ოლიგარქი პრეზიდენტს მიმართავს
2012-05-23 20:45:46
ჩამოტვირთვა
ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, კიდევ ერთ ეპისტოლეს აქვეყნებს. ოლიგარქი ღია წერილით ამჯერად პრეზიდენტს მიმართავს.
წერილში ივანიშვილი პრეზიდენტს სთხოვს, ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.
ცვლილებების მიხედვით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის პარლამენტში არჩევის და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება ეძლევათ:
ამონარიდი წერილიდან :
„მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული. ამასთანავე, მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება - ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ.
თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე:
არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში;
გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში; “
ივანიშვილის ღია წერილს გამოხმაურება მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. მმართველი გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ. მათი შეფასებით, ქართული სახელმწიფო ივანიშვილის ულტიმატუმს არ მიიღებს.
რაც შეეხება, საპარლამენტო უმცირესობას, მათი პოზიცია განსხვავებულია. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სრულად იზიარებს, ივანიშვილის პოზიციას.
როგორც ქდმ-ს წევრი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებით პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება აქვს, კანონით მინიჭებული უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში კი, ივანიშვილს მხარდამჭერებისათვის ახნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს.
ახვლედიანი იმ ნაწილს სადაც ივანიშვილი პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებით მიმართავს, უშედეგოს უწოდებს, რადგან მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებიდან რამდენიმე საათში მიმართა.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 111 ხმით დამტკიცა.
კომენტარები