1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს გზა ალიანსისკენ

ჩამოტვირთვა

საქართველო ნატოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი - ამ შედეგით დასრულდა ჩიკაგოში ნატოს ორდღიანი სამიტი. სამიტის პირველივე დღეს 60-მდე ქვეყნის ლიდერმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი, სადაც სამი მუხლი მთლიანად საქართველოს ეხება. დეკლარაციის მიხედვით, ალიანსის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებენ, უარი თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. დოკუმენტში ცალკე ქვეთავად არის გამოტანილი რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი. ალიანსის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების ყოფნით და ოფიციალურ მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვალდებულებების შესრულებისკენ. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქართველოს ნატოში ინტეგრაციას დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, მიღებული დეკლარაცია საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს. ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ბულგარეთის პრეზიდეტთან და დანიის პრემიერ მინისტრთან. მოლაპარაკების მთავარი თემა აქაც ნატოს მორიგი გაფართოება და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება იყო. სამიტის ბოლოს ალიანსის წევრებმა მთავარ სამხედრო შეთანხმებასაც მიაღწიეს - მათ ხელი მოაწერეს ბარაკ ობამას სტრატეგიულ გეგმას ავღანეთის ოპერაციის 2013 წელს შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჯარების გამოყვანის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და 2014 წელს უნდა დასრულდეს. ჩიკაგოში ნატოს სამიტი დასრულებულია. მომდევნო შეხვედრა 2014 წელს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები