პოლიტიკა
რუსეთი სამხედრო წვრთნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატარებს
2012-05-17 20:23:33
ჩამოტვირთვა
რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას „კავკასია 2012“ -ს შემოდგომაზე იწყებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მანევრები არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, არამედ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და სომხეთში გაიმართება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილი სამხედრო სწავლება არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. ქართველი კანონმდებლები კი ირწმუნებიან, რომ სამხედრო სწავლება შეშფოთების საფუძველს ქმნის.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბური წვრთნების დაწყების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა და საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე მიაწოდა.
საპარლამენტო უმცირესობის აზრით, ოკუპანტი ქვეყნის გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეტყველებს.
ექსპერტ კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდს სპეციალურად დაემთხვა. მისი აზრით, ამ გზით, რუსეთს საქართველოზე ზეწოლის განხორციელება სურს.
რუსეთის წლევანდელ სამხედრო სწავლებაში ჩართული იქნება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ სასაზღვრო, საჰაერო, სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ძალებიც, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
კომენტარები