მსოფლიო
საკრებულოს სხდომა წევრებს შორის დაპირისპირებით დაიწყო
2012-05-16 18:52:36
ჩამოტვირთვა
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა გობეჯიშვილმა, საკრებულოს წევრებს სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, გობეჯიშვილს სიტყვის დასრულება არ აცადა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაწერილი ხარჯების სია მოითხოვა. ხიდაშელი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მერიის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის ზუსტ ხარჯთაღრიცხვას ასახავდა.
თინა ხიდაშელის ბრალდების საპასუხოდ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ შოშიაშვილმა, ხარჯთაღრიცხვის ოფიციალური დოკუმენტი წარადგინა.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური რამოდენიმე წუთს გაგრძელდა. თინა ხიდაშელი არც პირად შეურაცხყოფას მორიდებია და საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკო ხაჩირიშვილი, ბიუჯეტის ქურდობაში დაადანაშაულა.
თინა ხიდაშელმა საკრებულო იმ იმედით დატოვა, რომ კოლეგები მომავალ სხდომაზე ისედაც არსებულ სატენდერო დოკუმენტაციას წარუდგენენ. თბილისის საკრებულომ კი დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება დაამტკიცა. პროგრამის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ფონდიდან თბილისის მერიის სარეზერვო ფონდში 3 მილიონი ლარი გადაირიცხება, რომელიც 12 მაისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება. როგორც ცნობილია, თანხები, ძირითადად, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანასა და სახლების აღდგენას მოხმარდება.
კომენტარები