პოლიტიკა
რუსული ჩექმის კვალი ქართულ მონასტრებსაც დაეტყო
2012-05-11 19:07:32
ჩამოტვირთვა
საოკუპაციო რეჟიმმა ოჩამჩირეში, ბედიის ტაძარში, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო, რის შედეგადაც ქართული ფრესკები და წარწერები ნადგურდება. სარესტავრაციო სამუშაოებს, რუსული კომპანია "ტექტონიკი" აწარმოებს. ტაძარში უკვე წაშლილია გაერთიანებული საქართველოს, პირველი მეფის, ბაგრატ მესამე ბაგრატიონის, ფრესკა და ქართველ დიდებულთა სხვა ფრესკული გამოსახულებები.
მსგავსი ტიპის უკანონო სარესტავრაციო სამუშაოები, რუსული კომპანიების მხრიდან, ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო. კანონმდებლები ამ ფაქტს ქართული კვალის წაშლის მორიგ მცდელობად აფასებენ.
ქართულ ტაძრებში ისტორიული ფრესკების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, აფხაზეთის ტელევიზია "Абаза"-მ ვიდეო-კადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, რომ გადაღებილია მონასტრის კედლები და ისტორიული ფრესკები. კადრებიდან ისიც ირკვევა, თუ როგორ აკურთხებს ტაძარში სეპარატისტების ცეცხლსასროლ იარაღს "აფხაზეთის ეკლესიის" თვითგამოცხადებული მეთაური ბესარიონ აპლია, სერგეი შამბას თანდასწრებით. დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი იქვე მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მათი ამოცანა და მოვალეობა ბედიის მონასტრის აღდგენაა. შამბამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მონასტერს ქართველებისგან, მისი შეფასებით, იგივე ბარბაროსებისგან იცავდნენ.
ბედიის მონასტრის განადგურებამდე, საოკუპაციო რეჟიმმა ქართული კვალის წაშლა, მასშტაბურად, ილორის მონასტრში დაიწყო. რუსმა რესტავრატორებმა ილორის ტაძარი თეთრად გადაღებეს, მოგვიანებით, რუსული გუმბათი დაადგეს და კედლებზე გამათბობლები დააყენეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები რუსეთს მოუწოდებენ, იუნესკოსა და საქართველოს თხოვნა გაითვალისწინოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას.
იუნესკო, რომელიც ვალდებულია, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები დაიცვას, ქართული ძეგლების შესასწავლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე არ შესულა. ამის მიზეზად რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიის არარსებობა სახელდება.
რამდენიმე თვით ადრე, ალექსანდრე ანქვაბმა, ქართული ძეგლების -ბედიის, მოქვისა და სხვა ტაძრებისთვის რესტავრაციის შესახებ ბრძანება გასცა. ქართულმა მხარემ ისტორიული ძეგლების დასაცავად, საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა.
ბედიის მონასტერი, რომლის უნიკალური ფრესკების წაშლა რუსეთის რეჟიმმა უკვე დაიწყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი და ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. იგი მე-10 საუკუნის ბოლოს, გაერთიანებული საქართველოს პირვლმა მეფემ, ბაგრატ მესამემ, ააგო. ბედიის მონასტერი ოჩამჩირიდან 25 კმ-ს დაშორებით, სოფელ ბედიის ცენტრშია აღმართული.
კომენტარები