პოლიტიკა
სასტიკად ნაცემი მომიტინგეები, ანუ ინაუგურაცია რუსულად
2012-05-07 20:04:31
ჩამოტვირთვა
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 6 წლის ვადით, ოფიციალურად შეუდგა.
კრემლის დიდ სასახლეში გამართულ ინაუგურაციაზე, პუტინმა ფიცი ქვეყნის კონსტიტუციის სპეციალურ ეგზემპლარზე დადო, რის შემდეგაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ზორკინმა, მისი თანამდებობა ოფიციალურად დაამტკიცა. ამავე ეგზემპლარზე დადო ფიცი ბორის ელცინმა 1996 წელს.
რაც შეეხება დიმიტრი მედვედევს, რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, იგი სათათაბიროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.
მედვედევის კანდიდატურას დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომაზე ხვალ გაიტანენ. იქამდე კი პრემიერობის კანდიდატი სათათბიროს ყველა ფრაქციასთან კონსულტაციებს გამართავს.
დღესვე პუტინის მოადგილეებსა და ფედერალურ მინისტრებს უფელბამოსილება შეუწყდათ. სულ თანამდებობა 7-მა ვიცე-პრემიერმა და 18-მა მინისტრმა დატოვა.
პუტინის გაპრეზიდენტებას საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ. კანონმდებლები აცხადებენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი მხოლოდ ოკუპაციის დასრულების შემდეგ, აღდგება. ახლადარჩეული პრეზიდენტისგან კი დამთმობი პოლიტიკის გატარებას არ ელოდებიან.
პუტინის პოლიტიკიდან გამომდინარე, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება უჭირს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს.
დღესვე, პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა და თანამშრომლობა შესთავაზა "ლეიბორისტულმა პარტიამ". პოლიტიკურმა გაერთიანებამ ახლადარჩეულ პრეზიდენტს მისალოცი ბარათი უკვე გაუგზავნა.
ვლადიმერ პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგეებმა, ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიტინგს ერთი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა. იგი მეხუთე სართულიდან ფოტოების გადაღების დროს გადმოვარდა.
სამართალდამცველებმა სულ 436 პირი დააკავეს, რომელთა ნაწილი ამ დრომდე, პოლიციის განყოფილებაში რჩება. დაკავებულთა შორის არიან, ოპოზიციის ლიდერები, სერგეი უდალცოვი, ალექსანდრე ნავალნი და ბორის ნემცოვი.
კომენტარები