მსოფლიო
თბილისის მერია - "ქართულ ოცნებას" შეუძლია, მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს
2012-05-04 14:23:08
ჩამოტვირთვა
"ქართულ ოცნებას" შეუძლია, მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, 1-ელ მაისს თბილისის მერიაში შევიდა "ქართული ოცნებისა" და მასში შემავალი რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წერილობითი მიმართვა 26-27 მაისს მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით; აქვე მითითებული იყო რამდენიმე ქუჩა, მათ შორის - რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები.
როგორც ბაჩო დოლიძემ განაცხადა, თბილისის მერიამ არაერთხელ დააანონსა, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს დაგეგმილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით. "არაერთხელ იყო დაანონსებული ჩვენს მიერ, რომ 26 მაისს ჩავატარებთ ქართული მრეწველობის აღლუმს, რომელიც გაიმართება თავისუფლების მოედნისკენ, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება კონცერტები. აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება ექნება, მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს", – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
კოალიცია "ქართული ოცნებამ" 27 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 26-27 მაისს აქციის გამართვას გეგმავს.
"პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" იწყებს საარჩევნო კამპანიას და მართავს ხალხმრავალ აქციას 26-27 მაისს. კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და ქ. თბილისის მერიას", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სტადიონების ადმინისტრაციების ოფიციალური პასუხი ჯერ უცნობია.
კომენტარები