მსოფლიო
„საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა“
2012-04-27 18:03:54
ჩამოტვირთვა
საქართველო ნატოს წევრი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გახდეს. - ამის შესახებ ამერიკის უმაღლეს საკანონდმებლო ორგანოში კონგრესმენებმა, დღეს, კიდევ ერთხელ განაცხადეს. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს დაეთმო ამერიკის კონგრესის ნატოსა და ევროპული საკითხების ქვეკომიტეტის სხდომა. კონგრესმენებმა საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატეს და საქართველოს აისაფის ოპერაციაში მონაწილეობის როლიც ხაზგასმით აღნიშნეს. საკომიტეტო განხილვას სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 25% ოკუპირებულია, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. ამერიკელი კონგრესმენები ამბობენ, რომ საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა დაუშვებელია, რადგან ეს ალიანსში რუსეთისთვის ვეტოს უფლების მინიჭების ტოლფასია.
ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან ქართველი პოლიტიკოსებიც. დეპუტატები ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები ამერიკის მხრიდან ჩიკაგოს სამიტამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.
ჩიკაგოს სამიტი კარგი შესაძლებლობაა, ამერიკამ საქართველოს მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატოს - მსგავსი მესიჯები სენატორ მაკკეინის მიერ ამერიკის სახელმწიფო მდივანისადმი გაგზავნილ წერილში უხვად იყო. სენატორი საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობასა და ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებზეც ამახვილებს ყურადღებას. ჯონ მაკკეინი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, ჩიკაგოს სამიტი საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებად გამოიყენოს. შეგახსენებთ, რომ ჩიკაგოს სამიტი ამერიკაში 20-21 მაისსაა ჩანიშნული.
კომენტარები