პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ხაშურში ახალი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
2012-04-25 18:49:29
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურში მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და სიმბოლურად საძირკველში კაფსულაც ჩადო. პროექტს ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია Inter Glass Georgia ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია.
ქარხანაში უახლესი ტექნიკა დამონტაჟდება, რაც ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ქარხნის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება და წელიწადში 100 მილიონი მინის ნაწარმის გამოშვებას გეგმავს. საწარმოში 200 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.
წარმოებული პროდუქციით საქართველოს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ასევე საკონსერვო საწარმოები მომარაგდება. საწარმოს მესვეურები პროდუქციის ექსპორტირებასაც გეგმავენ და მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი 10 მილიონი ლარით გაიზრდება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ღონისძიებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესწრებოდა.
კომენტარები