მსოფლიო
რუსეთის მორიგი მუქარა ამერიკას
2012-04-18 18:00:43
ჩამოტვირთვა
თუ, ამერიკის შეერთებული შტატები, ანტისარაკეტო სისტემის საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმებას ვერ მიაღწევს, რუსეთი იძულებული გახდება, სამხედრო ტექნიკური ზომები მიიღოს.
მოსკოვის მორიგი მუქარა ამერიკას. რუსეთის საგარეო უწყება შეერთებულ შტატებს, ანტისარაკეტო სისტემის საკითხთან დაკავშირებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ტექნიკური ზომების მიღებით ემუქრება. სერგეი რიაბკოვმა, რომელიც მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, ეს განცხადება “ბიბისის” რუსულ ბიუროში გააკეთა. რიაბკოვის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას ამ დრომდე გამოხმაურება არ მოჰყოლია ამერიკის შეერთებულ შტატებში. არღვევს თუ არა ამ ფორმით რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას?
დღეს ოფიციალური მოსკოვის განცხადებას ქართველი ექსპერტები აფასებდნენ.
ბოლო რამდენიმე თვეა, ნატოს ანტისარაკეტო სისტემების ევროპაში განთავსების საკითხთან დაკავშირებით, რუსეთი ამერიკისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვის წერილობით გარანტიებს ამაოდ ითხოვს. ამერიკა კი ამ დრომდე ასეთ გარანტიებს არ იძლევა. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ დიალოგის გასაგრძელებლად რუსეთის მხრიდან დათმობაზე წასვლა აუცილებელია. მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკული სისტემების დამონტაჟება, რუსეთის ბირთვულ შეიარაღებას სამიზნეში ამოიღებს. თუმცა, ბარაკ ობამამ ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ რუსები ამერიკის თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს ვერ განსაზღვრავენ.
„ამოცანა რუსებთან მოლაპარაკება არ ყოფილა. რუსები არ განსაზღვრავენ, რა გზას ავირჩევთ თავდაცვის სფეროში. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის მიხედვით, თუ როგორ დავიცვათ ამერიკელი ხალხი, ასევე ჩვენი ჯარები და ჩვენი მოკავშირეები. ხოლო თუ ამას შედეგად ისიც მოყვება, რომ რუსები ნაკლებად პარანოიდულად განეწყობიან და ისურვებენ ჩვენთან უფრო ეფექტიანად თანამშრომლობას, რათა პასუხი გავცეთ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა თუ თეირანის ბირთვული განვითარებიდან მომავალ საფრთხეს, ამაზე უკეთესი რა უნდა ისურვო?”
რიაბკოვმა ანტისარაკეტო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით, განცხადება რამოდენიმე თვის წინაც გააკეთა. საგარეო უწყების მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ ამერიკის ანტისარაკეტო ფარის სამიზნე რუსეთია, მაშინ რიაბკოვი იმასაც აღნიშნავდა, რომ ამერიკასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ჩიხში იყო შესული და საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, დღეს კი რიაბკოვი ტონს იცვლის და ობამას მუქარის განცხადებით მიმართავს.
არ არის გამორიცხული, ამერიკის ანტისარაკეტო ფარის დამონტაჟების საპირისპიროდ, რუსეთი 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდანაც გავიდეს, რაც სტრატეგიული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს. მაგრამ რა ფორმით, ან ვის მიმართ აპირებს რუსეთი სამხედრო ტექნიკური ზომების მიღებას, ჯერ–ჯერობით უცნობია.
კომენტარები