1 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთის ქსენოფობიური განცხადება სავიზო რეჟიმის გაუქმების საპასუხოდ

ჩამოტვირთვა

რუსეთის მორიგი ქსენოფობიური განცხადება. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა საფრთხის შემცველია, ეს მაშინ, როდესაც ზუსტად სამ თვეში, რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა და ქვეყნის ტერიტორიაზე, შარშანდელთან შედარებით, ვიზიტორების 57%–იანი ზრდა დაფიქსირდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც საქართველოში შევიდა ძალაში და, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის გავლით შევიდა და არა საქართველოდან, სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება, თან როგორც ვიცი, 5-წლამდე პატიმრობით და საკმაოდ დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმით. რუსეთის მოქალაქეები უკვე გახდნენ ამ აღმაშფოთებელი აქტის მოწმე, გაატარეს გარკვეული პერიოდი ქართულ ციხეებში. აი ამით აიხსნება ჩვენი განცხადება, რომ საქართველოში ჩასვლა უსაფრთხო არ არის და ზოგი ამაში საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დარწმუნდა. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ კანონი, რომლის შესახებაც ბატონი ლავროვი საუბრობს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო. ზუსტად ერთი თვის წინ, რუსი მაღალჩინოსანი დუმაში ქართული მხარისგან სწორედ ამ კანონის გაუქმებას მოითხოვდა, სანაცვლოდ კი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ჰპირდებოდა. ფაქტია, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს საქართველოსთან ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოუვიდა. როგორც ჩანს, სერგეიმ ძველი წყენა ვერ დაივიწყა და საქართველოს დაშინება, რომ არ გამოუვიდა, თანამემამულეების ,,უსაფრთხოებაზე’’ ზრუნვა გადაწყვიტა. ქართული კანონმდებლობა საკუთარ ენას მოარგო და რუს ხალხს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ–ერთი მუხლი მისეული ინტერპრეტაციით შესთავაზა. ფაქტი ერთია, საქართველოში ტურისტების ყოველდღიური მატება მოსკოვის ყალბ პროპაგანდას დიდ საფრთხეს უქმნის. უკვე მერამდენედ საქართველოს მშვიდობიან ინიციატივას ოფიციალური რუსეთი ისტერიული განცხადებით პასუხობს. ფაქტია, რომ დიდი რუსეთის ხელისუფლებამ რუს მოქალაქეებში საქართველოზე უარყოფითი განწყობის შექმნა ვერ მოახერხა. საქართველოს პრეზიდენტის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, ქვეყანა რამდენიმე ასეულმა ათასმა რუსმა ტურისტმა მოინახულა. რუსეთის ფედერაციის მორიგ აბსურდულ განცხადებას, ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტულმა განცხადებებმა რუს მოქალაქეებში ძალა რომ დაკარგა, ფაქტია. მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებლებმა ამ სამი თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აკრძალული ქართული ხილი, რუსულ ,,ვლასწზე’’ უფრო გემრიელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები