პოლიტიკა
„ღია ცის“ ხელშეკრულების გამო რუსეთი საქართველოს უპირისპირდება
2012-04-17 18:41:04
ჩამოტვირთვა
“ღია ცის” ხელშეკრულების გაუქმების შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას რუსული მხარე 2 კვირის შემდეგ გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მეზობელი ქვეყნის ქმედებები რუსეთის უფლებების დარღვევაა და საშიშ პრეცენდენტს ქმნის. ლავროვის უწყების განცხადებით, საქართველომ შეთანხმება თვითნებურად შეწყვიტა.
რუსეთის ბრალდებებს უარყოფს ქართული მხარე. ნინო კალანდაძის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ხელშეკრულების პირობებს თავად არღვევს და ამ გზით ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზებას.
თბილისმა ეს გადაწყვეტილება 3 აპრილს მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკომა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს თვითნებური შეზღუდვები დაუწესა და ოკუპირებულ რეგიონებთან სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება აკრძალა.
ოფიციალურმა თბილისმა „ღია ცის“ ხელშეკრულების წევრ ყველა ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. ამიერიდან საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სადამკვირვებლო ფრენებს აღარ მიიღებს და არც თავად განახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა, საქართველო გააგრძელებს "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების წევრი სხვა ყველა ქვეყნის მიმართ. როგორც ექსპერტი, ვასილ ჭყოიძე, ამბობს, რუსეთი თავად არღვევს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
“ღია ცის“ ხელშეკრულებას ჰელსინკში, ეუთო-ს წევრი ქვენების მიერ, 1992 წლის 24 მარტს მოეწერა ხელი. ამჟამად მისი მონაწილე, რუსეთის ჩათვლით, 34 სახელმწიფოა.
საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ, "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 3 აპრილს მიიღო.
კომენტარები