მსოფლიო
თოფაძე ივანიშვილთან, ბურჯანაძე თოფაძის იმედად, საქართველო ნატოს მიღმა?..
2012-04-11 20:20:29
ჩამოტვირთვა
თოფაძე-მრეწველები „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი გახდა. თუმცა ოლიგარქის პოლიტიკურ გუნდსა და გოგი თოფაძის თანამოაზრეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის პოლიტიკურ გაერთიანებას შესაბამისი დეკლარაცია უკვე მიღებული აქვს, სადაც კოალიციის ნატოსადმი სწრაფვაა ასახული, „თოფაძე მრეწველები“ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
როგორც თოფაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პარტია პოზიციებს არ შეცვლის და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ დაეთანხმება. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი არათუ ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეფორმირების აუცილებლობაზეც საუბრობს.
გოგი თოფაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრისა და რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ, თუ რატომ დასჭირდა მას ამ გადაწყვეტილების მისაღებად 6 თვიანი ვადა, მრეწველების ლიდერმა განაცხადა, რომ ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი პირველივე დღიდან ჰქონდა, თუმცა თავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე იკავებდა.
მრეწველების ლიდერმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოალიციაში გაწევრიანების შემდეგ, ნინო ბურჯანაძესა და ქართულ ოცნებას შორის შუამავლის როლს შეასრულებს. თუმცა გოგი თოფაძემ ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ უსაუბრია.
როგორ გაგრძელდება თოფაძისა და ივანიშვილის კოალიციის კავშირი, რთული სათქმელია. საინტერესოა ისიც, თუ როგორ აისახება პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა მათი კოალიციის სიმტკიცეზე.
შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანების, „მრეწველობა გადარჩენს საქართველოს“, და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების პირისპირ შეხვედრა გუშინ დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
კომენტარები