პოლიტიკა
კანონის უცოდინრობის გამო ივანიშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა
2012-04-05 11:49:28
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგება. იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილის საკითხზე 3 თვის ვადაში დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მას უფლება აქვს მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობა მოითხოვოს. მსგავსი თხოვნით კი ივანიშვილს შესაბამისი უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი ხვალ სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურება. თუმცა ცნობილია, რომ ის პოლიტიკურ მოღვაწეობას არ წყვეტს. როგორც მისმა პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძე განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მიუხედავად, მათი პოლიტიკური გეგმები არ შეიცვლება, ივანიშვილი - კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების “ ლიდერად რჩება. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმართავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი შესაბამის უწყებას ორმაგი მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით.
ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე უკვე 1 კვირაა ანონსდება, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა 5 აპრილს აღუდგებოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა რამადენიმე დღის წინ განაცხადა: „ აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!“ თუმცა აღმოჩნდა, რომ ოლიგარქი მოქალაქეობის გარეშე იურისტებმა დატოვეს.
ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის სამინისტროში მოქალქეობის მიღების განაცხადი 2012 წლის 5 იანვარს შეიტანა. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის შემოდგომაზე შეუწყვიტეს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონიერად მიიჩნია, ეკატერინე ხვედელიძეს კი მოქალაქეობა აღუდგა. რის შემდეგაც მან პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმიდან ხელახლა მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ 6 თვის შემდეგ ექნება.
კომენტარები