პოლიტიკა
ზღულაძემ და ბურჯალიანმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს
2012-03-29 21:41:20
ჩამოტვირთვა
დღეს პარლამენტში დეპუტატებმა, სამთავრობო საათის ფარგლებში, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებს მოუსმინეს. თინა ბურჯალიანი და ეკატერინე ზღულაძე დეპუტატების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ, პარლამენტში ვანო მერაბიშვილის მიუსვლელობის გამო, დეპუტატებს, მინისტრის სახელით, ბოდიში მოუხადა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ნაწილმა სამთავრობო საათზე ვანო მერაბიშვილის მიუსვლელობა მაინც გააპროტესტა და დარბაზი დატოვა.
მიუხედავად ,,სამართლიანი საქართველოს’’ უსამართლო პროტესტისა, სამთავრობო საათი კითხვა–პასუხის რეჟიმში მაინც გაგრძელდა. მინისტრის მოადგილეებმა საკუთარ გამოსვლებში ყურადღება, ძირითადად, გახმაურებულ საქმეებზე გაამახვილეს.
ზღულაძემ დეპუტატებს ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით პირველადი ექპერტიზა უკვე მომზადებულია. მინისტრის მოადგილემ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის მიმართვაზეც ისაუბრა. ზღულაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ომბუდსმენის თითოეული მიმართვა დეტალურად შეისწავლა და დაუყონებლივი რეაგირებაც მოახდინა.
სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, უბედური შემთხვევების პრევენცია, ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელზეც დღევანდელ სამთავრობო საათზე შეკრებილ დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ესაუბრა. თინა ბურჯალიანმა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყდება.
სამთავრობო საათის დამთავრების შემდეგ, განცხადებები დეპუტატებმაც გააკეთეს. წონიანი არგუმენტების არ არსებობის შემთხვევაში, ყველაზე მარტივი კარის მიხურვა და გასვლაა, ასე აფასებენ უმრავლესობის წევრები, ფრაქცია ,,სამართლიანი საქართველოს’’ გადაწყვეტილებას. მინისტრის მოადგილეების მოსმენის შემდეგ, განცხადებები ქრისტიან-დემოკრატებმაც გააკეტეს.
სამთავრობო საათის ფაგლებში, მთელი კვირის განმავლობაში, დეპუტატებმა ლტოლვილთა და განსახლების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოუსმინეს. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
კომენტარები