პოლიტიკა
სამთავრობო საათი პარლამენტში
2012-03-29 13:49:29
ჩამოტვირთვა
სამთავრობო საათი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრსა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ელოდებიან. ვანო მერაბიშვილი და თინა ბურჯალიანი დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.
იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სხდომას მივლინებაში ყოფნის გამო ვერ ესწრება. კანონმდებლებს მათთვის საინტერესო კითხვები მთავრობის წევრებისთვის უკვე გაგზავნილი აქვთ და მათზე პასუხების მიღების შემდეგ ცალკეული საკითხების დაზუსტებისთვის 3-3 წუთი მიეცემათ.
პარლამენტის რეგლამენტი სამთავრობო საათის გამართვას ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს ითვალისწინებს და დეპუტატებს საშუალება ეძლევათ მთავრობის წევრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ.
დეპუტატები დღესვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ანგარიშს მოისმენენ. დევნილების პრობლემებზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
კობა სუბელიანი მათ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის და მთავრობის 10- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
მინისტრი დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესის შესახებაც ისაუბრებს. კომიტეტის სხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მეშვეობით სრულად გაშუქდება და დევნილებს სამინისტროს სტრატეგიის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
კომენტარები