პოლიტიკა
ოკუპანტი ქვეყნის მორიგი ქსენოფობიური განცხადება
2012-03-28 21:33:36
ჩამოტვირთვა
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგ ქსენოფობიურ განცხადებას ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ლუკაშევიჩი, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ქართული ბატალიონის მონაწილეობით შეშფოთებულია. ოფიციალურმა მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგაზვნა. როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, აშშ-ის დიპლომატიურმა უწყებამ რუსეთს ჯერ კიდევ გასულ წელს აცნობა, რომ ვაშინგტონი ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის სასროლო შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით მომარაგებას გეგმავდა. ლუკაშევიჩის შეფასებით,
საქართველოსთან ნებისმიერი სახის სამხედრო თანამშრომლობა მსოფლიოსა და, განსაკუთრებით, რეგიონის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
" ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შეიარაღება, რომელსაც ქართული კონტინგენტი ავღანეთში იყენებს, საქართველოში არ აღმოჩნდეს. ხშირად, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მისი რემილიტარიზაციის საბაბად გამოიყენება. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს შეუძლია, ეს შეიარაღება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს".
საგარეო უწყების ამ განცხადებას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ეკატერინე ტყეშელაშვლი, მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რუსეთის ეს განცახდება აბსურდის თეატრს ჰგავს.
ოკუპანტი ქვეყნის მთავრობა ქართული ბატალიონის აისაფის ოპერაციაში მონაწილეობის გარდა, კიდევ ერთმა ფაქტორმა შეაშფოთა. ლავროვის მოადგილე, ლუკაშევიჩი, საქართველოში მცხოვრები რუსი მოსახლეობის უსაფრთხოების არარსებობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რუსების მიმართ ქვეყანა სისტემატიური რეპრესიების ორგანიზებას ახდენს. ლუკაშევიჩმა ეს განცახდება რუსეთის მოქალაქის, კონსტანტინე როდიონოვის, დაკავების ფაქტს დაუკავშირა. მისი თქმით, როდიონოვი თბილისში მოსკოვიდან ბიზნეს მიზნით ჩავიდა, საქართველოს ხელისუფლებამ კი იგი, აფხაზეთში ჩასვლის გამო, დააპატიმრა და ახლა მას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა ემუქრება.
"კონსტანტინე როდიონოვთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ჩასულ რუსებს უსაფრთხოების გარანტიები არ აქვთ.
სტუმართმოყვარეობისა და რუსი ხალხისადმი მეგობრობის სწრაფვის შესახებ ფარისევლური საუბრებით საქართველოს ხელისუფლება მის ქვეყანაში ჩასული რუსეთის მოქალაქეებისადმი სისტემატიურ რეპრესიებს ახორციელებს".
ლუკაშევიჩის განცხადება ქართველი კანონმდებლებისთვის აბსურდული და ქსენოფობიურია. საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, ადეკვატური ინფორმაცია იმ ადამიანებისგან მიიღოს, რომლებიც საქართველოში თავისუფლად და უპრობლემოდ გადაადგილდებიან.
როგორც ქართველი კანონმდებლები ამბობენ, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცახდებები ყოველთვის იქნება, რაც მათ აგონიურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
კომენტარები