პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სეულში სიტყვით გამოვიდა
2012-03-27 11:10:35
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება, მონაწილეების წინაშე სიტყვით წარსდგა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად გადაწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის თემას დაუთმო. საქართველოს პირველმა პირმა მხარეებს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა. ასევე იგი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხო. პრეზიდენტმა იმ საშიშროებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი წარმატებების მიუხედავათ, სერიოზული საფრთხე ჯერ კიდევ არის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ეგრეთწოდებული შავი ხვრელის არსებობით არის განაპირობებული. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ კონტროლს ვერ ავრცელებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი არ ხორციელდება და იქ ბირთვული კონტრაბანდის რამდენიმე შემთხვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილი არ არის“
სეულში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მონაწილეობენ.
კომენტარები