პოლიტიკა
ე.წ სამხრეთ ოსეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
2012-03-25 13:39:07
ჩამოტვირთვა
ე.წ სამხრეთ ოსეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას განცხადებით, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 40 ათასი ბიულეტენი დაამზადეს. მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება დე-ფაქტო კომისიამ იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ 2011 წლის ნოემბერში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა სიებში 38 800 ამომრჩეველი იყო შესული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 82 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ახალგორელების ინფორმაციით, უბნები ისეთ სოფლებშიც იხსნება, რომლებშიც მოსახლეობა რუსეთ-საქართველოს ომამდეც კი აღარ ცხოვრობდა.
ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის ორი საარჩევნო - უბანი სოფელ როკში, ხოლო ერთი უბანი მოსკოვში, რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოს შენობაში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 27 ნოემბრის არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, დე-ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა.
ხელახალ არჩევნებში უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი, რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი მონაწილეობენ.
კომენტარები